All fields are required.

Close Appointment form
icon
ნიპა ვირუსის შემთხვევები ინდოეთში

მიმდინარე წელს, ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში, დასავლეთ ბენგალში, ნიპა ვირუსით დაავადების 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც დაახლოებით 100 ადამიანი კარანტინში მოათავსეს. ოფიციალური ინდური წყაროების განცხადებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში, დაფიქსირდა ნიპა ვირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა, რაც დაემატა უკვე დადასტურებულ ორ შემთხვევას, რომლებიც მუშაობდნენ ბარასათის კერძო საავადმყოფოში, კოლკატასთან ახლოს.

აღნიშნულ მოვლენაზე რეაგირების ფარგლებში, ტაილანდის  ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ინდოეთიდან, განსაკუთრებით დასავლეთ ბენგალიდან, ჩამომსვლელი მგზავრების სკრინინგი და გაავრცელა „Health Beware Card“, რომელიც მოგზაურებს მოუწოდებს, სიმპტომების (ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა ან კრუნჩხვები) გამოვლენისას დაუყონებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, განსაკუთრებით თუ ბოლო 21 დღის განმავლობაში ჰქონდათ კონტაქტი ღამურებთან, ინფიცირებულ ცხოველებთან ან ადამიანებთან.

შესაძლო იმპორტირებული შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით, ნეპალმაც გააძლიერა ეროვნული მზადყოფნა და დაიწყო მგზავრების კონტროლი ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტსა და ინდოეთთან ძირითად სასაზღვრო პუნქტებზე. [1]

ნიპა ვირუსის (NiV) ზოგადი აღწერილობა

ნიპა ვირუსი (NiV) არის ზოონოზური ვირუსი, რომელიც ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანზე. დაავადების გადაცემა შესაძლოა მოხდეს, ვირუსით კონტამინირებული (დაბინძურებული) საკვების საშუალებით ან დაავადებული ადამიანიდან, ადამიანზე.

Pteropodidae ოჯახის ხილისმჭამელი ღამურა წარმოადგენს ნიპა ვირუსის ბუნებრივ რეზერვუარს. მათ ორგანიზმში ვირუსი ხშირად ცირკულირებს დაავადების კლინიკური ნიშნების გარეშე.

ინფიცირებულ ადამიანებში ნიპა ვირუსი იწვევს დაავადებების ფართო სპექტრს, უსიმპტომო (სუბკლინიკური) ინფექციიდან, მწვავე რესპირაციულ დაავადებამდე და ფატალურ ენცეფალიტამდე. ვირუსმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება ცხოველებში, მაგალითად ღორებში (მაგ. ეპიდაფეთქების დროს მალაიზიაში), რაც ფერმერებისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს განაპირობებს.

ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი სპეციფიკური მკურნალობა ან ვაქცინა, როგორც ადამიანისთვის, ასევე ცხოველისთვის. დაავადებული ადამიანების მკურნალობისას ძირითადი მიდგომა, არის მხარდამჭერი (სიმპტომური) მკურნალობა.

ნიპა ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელი შეფასებულია 40%–75%-ის ფარგლებში. ეს მაჩვენებელი შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვადასხვა ეპიდაფეთქების მიხედვით და დამოკიდებულია ადგილობრივ შესაძლებლობებზე, ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობასა და კლინიკურ მართვაზე.

ნიპა ვირუსი აინფიცირებს ცხოველების ფართო სპექტრს და ადამიანებში იწვევს მძიმე დაავადებასა და სიკვდილს, რის გამოც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ნიპა ვირუსი წარმოადგენს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს. [2]

© 2015 ALL RIGHTS RESERVED